ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ფლორა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფლორა ძალიან მრავალფეროვანია.
რეგიონში რეგისტრირებულია უმაღლესი მცენარეების სულ ცოტა 1213 სახეობა (შეთეკაური, 2017 წ.), რაც ჩვენი ქვეყნის ფლორის 29.6 %-ს (4130 სახეობა) წარმოადგენს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი აღსანიშანვია კავკასიის მთების ენდემური სახეობების დიდი რაოდენობის გამო: აქ არის თავმოყრილი უმაღლესი მცენარეების 259 ენდემური სახეობა, რეგიონის სახეობების მთლიანი რაოდენობის 21% (ბაკურაძე და სხვ., 2016). ყველაზე მეტი ენდემური სახეობა (16) არის გვარ მაჩიტაში (Campanula), რომელიც რეგიონში წარმოგენილია 20 სახეობით, ე.ი. 80% -იანი ენდემიზმი. ასევე მაღალია ენდემების რაოდენობა შემდეგ გვარებში: ფურისულა (Primula) (6 სახეობა 9-დან, 66.7%), დრაბა (Draba) (6 სახეობა 8-დან, 75%), მინუარცია (Minuartia), (5 სახეობა 9-დან, 55.6%), პირთეთრა (Cerastium) (5 სახეობა 10-დან, 50%), არის ასევე გვარები რომლებიც სახეობათა მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, მაგრამ ხასიათდება 100% ენდემიზმით. ასეთი გვარებია დიყი (Heracleum), იურინეა (Jurinea), დოლიხორიზა (Dolichorhiza), ფსეფელუსი (Psephellus). პირიქით, გვარი ისლი (Carex) რეგიონში წარმოდგენილია სახეობების ყველაზე დიდი რაოდენობით და მხოლოდ 1 ენდემური სახეობით.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში მაღალია გვარობრივი ენდემიზმიც. კავკასიის ენდემური 16 გვარიდან აქ გვხვდება 7 გვარი: ტრიგონოკარიუმი (Trigonocaryum), მანდენოვია (Mandenovia), სიმფიოლომა (Symphyoloma), დუცი (Agasyllis), კენკეშა (Gadellia), კემულარიელა (Kemulariella), ფსევდოვეზიკარია (Pseudovesicaria). 

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკში გავრცელებული მცენარეთა სახეობებიდან რამდენიმე შეტანილია კავკასიის წითელ ნუსხაში (Solomon et al. 2014) და მინიჭებული აქვთ IUCN-ის კატეგორია - მოწყვლადი (VU). ეს სახეობებია: რადეს არყი (Betula raddeana), თითისებრი ფსევდოვეზიკარია (Pseudovesicaria digitata), მაღალმთის მუხა (Quercus macranthera), სომხეთის ცირცელი (Sorbus hajastanica), საბურველიანი ტრიგონოკარიუმი (Trigonocaryum involucratum) (Solomon et al. 2014).

ფაუნა

ძუძუმწოვრები 

ფშავ-ხევსურეთისეროვნული პარკში წარმოდგენილია 55 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის საქართველოს წითელი ნუსხის 11 სახეობაა, მათ შორის ერთი სახეობა ნიამორი შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხაში როგორ მოწყვლადი(VU). განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩლიქოსანთა თანასაზოგადოება. აქ გავრცელებულია ნიამორი (Capra aegagrus). ხევსურეთში გვხვდება კავკასიის ენდემი - აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია არჩვი (Rupicapra rupicapra), შველი (Capreolus capreolus), გარეული ღორი (Sus scrofa) და კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus). ფშავ-ხევსურეთი გამოირჩევა მტაცებელთა ფაუნის მხრივაც. აქ გვხვდება წავი (Lutra lutra), მურა დათვი (Ursus arctos), ტურა (Canis aureus), მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx) და სავარუდოდ ასევე ჯიქი (Panthera pardus). ჯიქის ინდივიდი ფშავ-ხევსურეთში 2000-იანი წლების დასაწყისში იქნა მოკლული. მას შემდეგ ამ ცხოველის ნახვის მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს აღწერენ ადგილობრივი მკვიდრები. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: დაღესტნური მემინდვრია (Microtus (Terricola) daghestanicus), გუდაურის მემინდვრია (Chionomis gud), რადეს ბიგა (Sorex raddei) და ვოლნუხინის ან მცირეკავკასიური ბიგა (Sorex volnuchini).

ფრინველები

არსებული მონაცემებით ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია ფრინველთა 132 სახეობა. ფშავ-ხევსურეთის ორნითოფაუნიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია, კავკასიის ენდემები: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus Caucasicus). ფშავ-ხევსურეთში გვხვდება საქართველოს წითელ ნუსხაში შესული ფრინველთა 15 სახეობა. მათგან სვავი (Aegypius monachus) საფრთხეშია გლობალური მასშტაბითაც და შესულია IUCN-ის წითელ ნუსხაში (NT-ის კატეგორიით); ფშავ-ხევსურეთი მდიდარია დიდი ზომის ფრინველთა სახეობებით და საკმაოდ ხშირად გვხვდებიან ისეთი მტაცებლები და ლეშიჭამიები, როგორიცაა: (გარდა ზემოთაღნიშნული სვავისა) ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), კირკიტა (Falco tinnunculus), ქორი (Accipiter gentilis), მიმინო (Accipiter nisus), მთის არწივი (Aquila chrysaetos) და სხვ. ასევე საყურადღებოა ის, რომ ფშავ-ხევსურეთში გვხვდება კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii), მწვანე ყარანა (Phylloscopus nitidus) და თავწითელა მთიულა (Serinus pusillus).

შედარებით მწირია ცნობები ხერხემლიანთა სხვა კლასების შესახებ. ფშავ-ხევსურეთში რეპტილიების 11 და ამფიბიების მინიმუმ 5 სახეობა გვხვდება, ხოლო თევზებიდან მხოლოდ ორი სახეობა.

დღის პეპლებიდან რეგიონში დაფიქსირებულია გლობალურად იშვიათი სახეობები - აპოლონი (Parnassius apollo), არაფარდი მრავალთვალა (Lycaena dispar), არიონი (Maculinea arion), ასევე კავკასიის იშვიათი ენდემი კავკასიური აპოლონი (Parnassius nordmanni). სულ მწერებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შესულია 9 სახეობა. 

კავკასიის ენდემური სახეობებიდან გვხვდება:  აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური როჭო, დინიკის გველგესლა, რადის ბიგა, კავკასიური შურთხი და სხვა. 

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობებია: ნიამორი. ჯიხვი, არჩვი, ფოცხვერი, მურა დათვი, კავკასიური ციყვი, ევროპული მაჩქათელა. კავკასიური როჭო, კრავიჭამია, ფასკუნჯი, სვავი,ორბი,  დიდი კოჭობა, დინიკის გველგესლა და სხვა. 

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა