ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ბიომრავალფეროვნება

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში კლიმატური ცვლილებების გამო, მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.


ფლორა

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მცენარეების 593 სახეობა და ქვესახეობა, მათ შორის 28 სახეობის ხე და 35 სახეობის ბუჩქი. სულ მცირე 76 სახეობა რელიქტურია, 66 სახეობა არის ენდემური. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა - მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული.

წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მტირალას ეროვნული პაკის კოლხური ტყე, რომელიც ზღვის დონიდან 15-25 მ-დან / 1000- 1200 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება. ტყის ქვედა ზოლში დომინირებს წიფელი, თუმცა წიფლნარს, წაბლნარ-წიფლნარი ცვლის და ფოთლოვნებიდან ასპარეზზე სხვა მერქნიანებიც ჩნდებიან: კავკასიური ცაცხვის მურყანისა და კავკასიური რცხილა. ცალკეულ ერთეულებად გვხვდება: ლაფანი (Pterocarya pterocarpa), კაკალი (Juglans regia),თელა (Ulmus glabra), უთხოვარი ( Taxus baccata), ლეღვი (Ficus carica), და სხვ.

კოლხურ ტყეს მრავალფეროვნებას მატებს აქ წარმოდგენილი მარადმწვანე ქვეტყე: პონტოური შქერი, იელი, წყავი, ჭყორი და ბზა. ამ ტიპის ტყეეებითაა დაფარული მთების ჩრდილოეთ ფერდობები. სამხრეთ ფერდობებს კი ფოთოლმცვენი, ქვეტყიანი კოლხური ტყე მიუყვება.

გამეჩხერებულ მონაკვეთებს და ტყისპირა მდელოებს ნაყოფიანი მაყვლის და ხემაგვარი მოცვის ბუჩქები ავსებს. მდინარის პირი და მისი შენაკადები ბზით (Buxus colchica) არის გარშემორტყმული. ტენიან კოლხურ ტყეებს გასნაკუთრებულ სილამაზეს სძენს მერქანზე შემოხვეული ჩრდილის მოყვარული სუროები და ლიანები. ტყისპირებში კი წითელნაყოფა ეკალღიჭი (Smilax excelsa) ტყის სიმწვანეს ავსებს.

მტირალას ტყის ნაწილია ხავსმოკიდებულ ხეებზე გადმოკიდებული ეპიფიტი გვიმრები: სამხრეთის მრავალფეხა (Polypodium serratum), ირმის ენა (Phyllitis scolopendrium) და კილამურა (Polypodium vulgare). მცირე ზომის გვიმრა - ჰიმენოფილუმსი (Hymenophyllum thunbridgense) წყავის ქერქზე და ხავსმოკიდებულ ლოდებზე იზრდება.

ტყისპირებში, ვორონოვის თეთრყვავილას (Galanthus woronowii), ქართული ზამბახისა (Iris lasica) და ხარისძირას (Helleborus caucásica) ნახვაა შესაძლებელი.

წაბლის ტყეებს პარკის შუა ზოლი უკავიათ, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე შეფენილია ჭოროხისა და ჰარტვისის მუხის კორომები, სადაც სოსნოვსკის ფიჭვიც არის შერეული და წიწვოვან-ფოთლოვან ტყეს ქმნის.

მტირალას ეროვნული პარკში 1 ჰა-ზე 35-მდე განსაკუთრებული მერქნიანი სახეობის დაჯგუფება - “შქერიანი” გვხვდება, რომელსაც დედამიწის ზომიერი სარტყლის პირობებში სხვაგან ვერსად შეხვდებით. იგი წარმოადგენს: პონტოს შქერის (Rhododendron ponticum), უნგერნის შქერის (Rh. Ungernii), იელის (Rh. Luteum), ჭყორის (Ilex colchica), წყავის (Laurocerasus officinalis), პონტოს მუხა (Quercus ponticus), კოლხური თაგვისარას (Ruscus colchicus) და სხვა კოლხური ტიპის ბუჩქნართა და ხებუჩქნართა დამოუკიდებელ თანასაზოგადოებას.

პარკში გავრცელებულია ტყის სოკოების შემდეგი დასახელებები: diskomicetebi sokoebi: Hignellum rubiginosa; Phellinus torulosus; Phlebia merulioides; Bulgaria polymorpha. qudiani sokoebi: Colibia distorta; Dermocybe cinnabarina; Inocibe lacera; Lactarius resifluus; Lecinum scabrum; Tubaria minutalis; Xerocomus badius. Ggasteromicetebiდან კი გვხვდება: სოკოყვავილა (Pseudocolus fusiformis); Scleroderma spadiceum, Xerocomus badius

საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ეროვნულ პარკში წარმოდგენილია: პონტოს მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ბზა (Buxus colchica), ეპიგეა (Epigaea gaultheroides), უთხოვარი (Taxus baccata) და სხვა მრავალი მცენარე გვხვდება.

რელიქტური და ენდემური სახეობები

მტირალას ეროვნულ პარკში თავმოყრილია მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა: მათგან აღსანიშნავია კავკასიის - 5, საქართველოს 1, კოლხეთის -3 და აჭარის 3 ენდემური მცენარე. მაგალითად ასეთებია: აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობა ეპიგეა, იელი, წყავი, ჰიმენოფილუმი, ფურისულა ( Primula megasaefolia) და სხვა.

ფაუნა

მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 275 სახეობით. აქედან 71 ძუძუმწოვარია, 121 ფრინველის სახეობა, 10 ამფიბია, 22 რეპტილია, 17 თევზი და 34 უხერხემლოთა სახეობა. ცხოველების 66 სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, ხოლო 12 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN-ის „წითელ ნუსხაში“;

ფოთლოვანი ტყეები ჩლიქოსნების, მტაცებლებისა და ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოს წარმოადგენს. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია: ღორი, შველი და არჩვი. ჩლიქოსნებზე მეტია მტაცებელი ცხოველები: მელა, ტურა, კვერნა, კავკასიური ციყვი და სხვ.

პარკში ამფიბიების 10 სახეობაა გავრცელებული. ეროვნულ პარკში გვხვდება იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობები, როგორიცაა კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macronemis) და კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus). ისინი - ტენიან ტყეებში, მდინარეების, წყაროების, ღელე-ნაკადულების სიახლოვეს, ვიწრო ხეობების წიწვოვან, ხან კი ფოთლოვან ტყეებში ბინადრობენ.

აღსანიშნავია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველები, მაგალითად: მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, წავი. წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გავრცელებულია სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ეროვნული პარკის ორნიტოფაუნა, შეგვიძლია დავასახელოთ აქ მობინადრე მტაცებელი ფრინველებიდან რამდენიმე სახეობა: დიდი მყივანი არწივი, ჩია არწივი, გავაზი, ძერა, ქორი და მიმინო. ტყის ეკოსისტემებში ასევე გვხვდება: ულამაზესი ოფოფი, ტყის ქათამი, კოდალას რამოდენიმე სახეობა, გუგულები, შაშვები, ჩხიკვები, მტრედები და სხვ.

მთის მდინარეებში – ჩაქვისწყალსა, ყოროლისწყალში და სხვა მრავალრიცხოვან პატარ-პატარა მდინარეებში ბინადრობს მდინარის კალმახი. თხელ ქვიშიან და წყალმცენარეებით მდიდარ მდინარეებში კოლხური წვერა გვხვდება (Barbus tauricus escheriche).

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პეპლების სიჭრელე. მათ შორის აღსანიშნავია გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები: ოლეანდრისა, მკვდართავა სფიქნქსი, დათუნელა ჰერა, აპოლონი, კავკასიური ზერინთია.

ტყის ნიადაგებში ბინადრობს საქართველოსა და ლოკალური ენდემი – კინტრიშის ჭაიყელა (Allobophora kintrishiana).

საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

ეროვნულ პარკში გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შემავალი ცხოველის 66 სახეობა, მათგან 12 IUCN--ის „წითელ ნუსხაშია“.

აქ „წითელი ნუსხის“ წარმომადგენლებიდან: ძუძუმწოვრების 6, ფრინველების 6, ქვეწარმავლების 1, ამფიბიების 1 , თევზების 1, მწერების 7 და რგოლიანი ჭიაყელების 1 სახეობა გავრცელებული. მათგან აღსანიშნავია: მურა დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx), წავი (Lutra lutra). წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გვხვდება სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა.


ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა