ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ბიომრავალფეროვნება

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, სხვადასხვა ბუნბრივი ფაქტორების ზემოქმედებით, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთისგან განსხვაებული არიდული ლანდშაფტი ჩამოყალიბდა. ესენია: უდაბნოს, ნახევრადუდაბნოს, სტეპური, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა აქ გვხვდება - ჭალის ტყეები, კლდის ქსეროფიტები, მთის წინეთის ძეძვიანები და თიხნარის მცენარეულობა.

ეროვნულ პარკში აღწერილი 600 მცენარის სახეობიდან 28 კავკასიის და 5 საქართველოს ენდემია.


ფლორა

ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი, მათ შორის აღსანიშნავია: ორქიდეების მრავალფეროვნება (7 სახეობა), ქართული ზამბახი (Iris iberica), ეიხლერის ტიტა (Tulipa eichler), მაიკოს იორდასალამი (Paeonia maiko), ველური ვაზი (Vitis sylvestris) და სხვა იშვიათი მცენარეები.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და ბუნების ორი პატარა (ჯუმას და მიჯნის) ყურეა. ეს ყურეები საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ჭალის მუხების (Quercus pedunculata), ვერხვების (Populus nigra, P. canescens), იფნების (Fraxinus excelsior) და ველური ბროწეულის (Punica granatum) გვერდით ველურად იზრდება კაკლის ხეები (Juglans regia).

აქ გვხვდება აგრობიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ხეხილისა და ვაზის წინაპრების მნიშვნელოვანი სახეობები: ველური ვაზი (Vitis silvestris G. Gmel.), კომში (Cydonia oblonga Mill.), ბროწეული (Punica granatum), დოლის პური (Tritium ferrigineum), ბალამწარა (Cerarus silvestris), მაჟალო (Malus orientalis) და სხვ.

ენდემური მცენარეები

კავკასიის ენდემური მცენარეებიდან ვაშლოვანის ეროვნულ პარკში აღსანიშნავია: ეიხლერის ტიტა (Tulipa eichleri Regel), ქართული ზამბახი (Iris iberica Hoffm.), ქართული კოწახური (Berberis iberica) და ქართული ბერყენა (Pyrus georgica Kuthath). საქართველოს ენდემური სახეობებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: კახეთის მაჩიტა (Campanula kachetica), კახეთის ესპარცეტი (Onobrychis kachetica Boiss. et Buhse), ველის იორდასალამი (Paeonia tenuifolia L.), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana Kuth.) და სხვ.

საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ მცენარეები

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში წარმოდგენილია საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ 13 სახეობის მერქნიანი მცენარე, აღსანიშნავია: ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M. Bieb. Ex Willd.), თურანულა (Populus euphratica Oliv.), კაკალი (Juglans regia L. ), გრძელყუნწა მუხა (Quercus pedunculiflora C.Koch), საღსაღაჯი (Pistacia mutica Fisch & Mey ), სახოკიას ბერყენა (Pyrus sachokiana Kutath.), დემეტრის ბერყენა (Pyrus demetrii), შავი ღვია (Juniperus foetidissima Willd.), მრავალნაყოფა ღვია (Juniperus policarpos) ქართული მუხა (Querceta iberica) და სხვა.

ფაუნა

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მრავალფეროვანი ფაუნაა, აქ გავრცელებულია ძუძუმწოვრების 62, ფრინველის 135, ქვეწარმავალის 30, თევზების 20 და ამფიბიების 4 სახეობა.

მრავლადაა ტურა, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, ლელიანის კატის, გარეული ღორი, მაჩვზღარბა და დათვიც.

ორნითოლოგიური თვალსაზრისით ვაშლოვანის ეროვნული პარკი ძალიან მდიდარია. ვაშლოვანში შოშიების და ტარბების ათასიანი გუნდები გვხვდება. მრავლად არიან სხვა მცირე ზომის ფრინველები: ბეღურები, მეღორიები, ჩიტბატონები, სკვინჩები. ზამთრობით აქ სარსარაკების, უფრო იშვიათად კი, უზარმაზარი სავათების ნახვაა შესაძლებელი. მტაცებელი ფრინველებიდან ვაშლოვანში ბექობის არწივების, სვავების, ორბების, ძელქორების და კაკაჩების ნახვაა შესაძლებელი. მრავლადაა კაკაბი. იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით დურაჯს. ხოლო ალაზნის ჭალებში, მრავლად არის კოლხური ხოხობი.

ვაშლოვანის თიხის ციცაბო ფლატეებზე კი მერცხლების კოლონიები ბუდობენ, რომელსაც “მერცხლების ქალაქს” უწოდებენ. აქ წყლის ფრინველების სიმრავლეა, აქ გვხვდება ყანჩები, ჩვამები, იხვინჯები, გარეული იხვები, წითელი იხვები, შაკი, თეთრკუდა ფსოვი.

ვაშლოვანის ფაუნაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეწარმავლებსაც. აქ მათი 25 სახეობაა აღწერილი.

ვაშლოვანის ტერიტორიაზე 700 სახეობის მწერია დაფიქსირებული, მათი უმრავლესობა კი პეპლებია, რომელთა 109 სახეობაა წარმოდგენილი.

ალაზანში თევზების დაახლოებით 16 სახეობა ბინადრობს, აქ ჯერ კიდევ მრავლად არის ლოქო, კობრი, ფარგა, შამაია, მდინარის ღორჯო, წვერა და კავკასიური ქაშაპი.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკის განსაკუთრებულად საინტერესოა განამარხებული ფაუნით. დათვის ხევის ალესილებში პრეისტორიულ ფაუნის ნახვაცაა შესაძლებელი. გაშიშვლებული ქანების დალექილ ფენებში დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ზღვის მოლუსკების კარგად შემონახულ ქიტინებს. ეს მოლუსკები ვაშლოვანის ყველაზე ძველი ბინადრები არიან - ჯერ კიდევ იმ დროინდელი, როდესაც აქაურობა ზღვით იყო დაფარული.

იმავე დათვის ხევში კიდევ ერთი, შედარებით „ახალგაზრდა“ პრეისტორიულ ცხოველს შეხვდებით - თიხის ბორცვიდან სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვალია გამოშვერილი.

საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ ცხოველები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს საქართველოს “წითელ ნუსხის" 35 სახეობა, მათგან რეპტილიების 4 სახეობაა, ფრინველების 20 სახეობა და ძუძუმწოვრების 10 სახეობა. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი (Ursus arctos), ჯეირანი (Gazella subgutturosa subgutturosa) და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 6 წლის წინათ დაცულ ტერიტორიაზე ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული იქნა ჯიქის (Panthera pardus tuliana) სურათი, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ საქართველოში გადაშენებული ცხოველის სახეობა მეზობელი აზერბაიჯანიდან ხშირად გადმოდიოდა, თუმცა ბოლო წლებში იგი აღარ გამოჩენილა. რეპტილიებიდან აღსანიშნავია: ჭაობისა (Emys orbicularis) და ხმელთაშუაზღვის (Testudo graeca) კუ. ფრინველებიდან კი: მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), შავარდენი (Falco peregrinus), სვავი (Aegypius monachus), სარსარაკი (Tetrax tetrax Linnaeus, 1758) და სხვ.

ენდემური ცხოველები

კავკასიის ენდემური ცხოველებიდან აქ გავრცელებულია: რადეს ბიგა (Sorex raddei), მწვანე გომბეშო (Bufo viridis), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo bufo), ჩვეულებრივი ვასაკა (Hyla arborea), ტყის ბაყაყი (Rana ridibunda), მურწა (Barbus mursa) და სხვ. კავკასიის მთელ რეგიონში, მხოლოდ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში გვხვდება შიშველთვალა სცინკი (Ablephorus pannonicus). აქ ასევე გვხვდება ირანო-ანატოლიის ენდემი-ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti). თეზებიდან კი წნდემური სახეობაა მურწა (Barbus mursa).

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა